24/03/2026
24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესახებ და ძალისხმევის გაძლიერება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის დასასრულებლად.
ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ფილტვის ტუბერკულოზი წარმოადგენს. ინფექცია გადაეცემა ჰაერით, დაავადებული ადამიანის ხველის, ცემინებისა და საუბრის დროს. განსაკუთრებით მაღალია დაინფიცირების რისკი, როდესაც კონტაქტი ხდება დახურულ, ცუდად განიავებულ სივრცეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ტუბერკულოზით ყოველწლიურად დაახლოებით 10.7 მილიონი ადამიანი ავადდება და 1.23 მილიონი კვდება. ამასთან, 2000 წლიდან დღემდე, 83 მილიონმა ადამიანმა შეძლო ტუბერკულოზის დამარცხება.
საქართველოში, უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი - შენარჩუნებულია ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია, სიკვდილიანობა ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირდა 61%-ით, მკურნალობის შედეგები კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებდა, განსაკუთრებით მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევაში, რომლის წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი გაიზარდა 43%-დან 89%-მდე.
ქვეყანაში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის, თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დანერგილია მკურნალობის ხანმოკლე რეჟიმები, რაც ხელს უწყობს მკურნალობის ბოლომდე მიყვანას და გამოსავლის გაუმჯობესებას.
2026 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანია „დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“, რაც ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, ეპიდემიის დასრულება შესაძლებელია.
#ტუბერკულოზისმსოფლიოდღე