14/07/2026
ის, რასაც თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას…
გადანერგილი თირკმლის დაცვა მხოლოდ მედიკამენტების მიღებას არ ნიშნავს — მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამ შეიძლება შეუშალოს მას ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელი. ინფორმირებულობა საუკეთესო პრევენციაა. ❤️
იმუნოსუპრესანტები და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება – რატომ არ უნდა მივიღოთ არაფერი თვითნებურად?
💊 თირკმელგადანერგილი პაციენტისთვის ნებისმიერი ახალი მედიკამენტის, ვიტამინის, მცენარეული ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატის დაწყებამდე აუცილებელია ტრანსპლანტოლოგთან ან ნეფროლოგთან შეთანხმება.
იმუნოსუპრესანტები, განსაკუთრებით ტაკროლიმუსი, ძალიან მგრძნობიარეა სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების მიმართ. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად გაზარდოს, ზოგმა კი შეამციროს, რაც ორივე შემთხვევაში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
როდესაც ტაკროლიმუსის დონე ძალიან მაღალია
შეიძლება განვითარდეს:
• თირკმლის ფუნქციის გაუარესება;
• კრეატინინის მატება;
• ტრემორი (ხელების კანკალი);
• თავის ტკივილი;
• არტერიული წნევის მომატება;
• კალიუმის დონის მომატება;
• ნევროლოგიური სიმპტომები.
როდესაც ტაკროლიმუსის დონე ძალიან დაბალია
ორგანიზმი შესაძლოა ვეღარ იღებდეს საკმარის იმუნოსუპრესიას, რაც ზრდის:
• გადანერგილი თირკმლის მწვავე მოცილების (რეჯექციის) რისკს;
• გადანერგილი ორგანოს ფუნქციის გაუარესების ალბათობას.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ პრეპარატებთან
⚠️ ზოგიერთი ანტიბიოტიკი.
⚠️ ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი.
⚠️ ზოგიერთი ანტივირუსული საშუალება.
⚠️ ზოგიერთი გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტი (მაგალითად, გარკვეული კალციუმის არხების ბლოკატორები).
⚠️ კრუნჩხვების საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი.
⚠️ მცენარეული დანამატები, განსაკუთრებით St. John’s Wort (Hypericum), რომელსაც შეუძლია ტაკროლიმუსის დონის მნიშვნელოვნად შემცირება.
საკვები, რომელსაცაც მნიშვნელობა აქვს
🍊 გრეიფრუტი და მისი წვენი არ არის რეკომენდებული ტაკროლიმუსის მიღების პერიოდში, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს მისი კონცენტრაცია სისხლში.
ტკივილგამაყუჩებლები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), როგორიცაა:
• იბუპროფენი;
• დიკლოფენაკი;
• ნაპროქსენი,
შეიძლება დამატებითი დატვირთვა იყოს თირკმლისთვის, ამიტომ მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით არის მიზანშეწონილი.
გახსოვდეთ
✅ არასოდეს დაიწყოთ ახალი მედიკამენტი, ვიტამინი ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ექიმთან შეთანხმების გარეშე.
✅ იმუნოსუპრესანტი მიიღეთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
✅ არ გამოტოვოთ დოზა და არ შეცვალოთ იგი თვითნებურად.
✅ რეგულარულად ჩაიტარეთ იმუნოსუპრესანტის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
✅ ნებისმიერ ახალ ექიმთან ვიზიტისას — იქნება ეს სტომატოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი თუ სხვა სპეციალისტი — აუცილებლად აცნობეთ, რომ გაქვთ გადანერგილი თირკმელი და იღებთ იმუნოსუპრესიულ მკურნალობას.
ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა ექიმმა:
* სწორად დაგეგმოს კვლევები და მკურნალობა;
* უსაფრთხოდ შეარჩიოს მედიკამენტები;
* საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულება შეათანხმოს თქვენს ნეფროლოგთან ან ტრანსპლანტოლოგთან.
გახსოვდეთ: ერთი შეხედვით უწყინარმა მედიკამენტმაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს იმუნოსუპრესანტების მოქმედებაზე და საფრთხე შეუქმნას გადანერგილ ორგანოს. ამიტომ, ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ ის თქვენს მკურნალ ექიმთან
#ერთისაჩუქარიაახალისიცოცხლისათვის