26/02/2026
სალომე გიორგაძე 36 წლის ონკოპაციენტი
პირადი გზა და დიაგნოზი
მე ვარ სალომე, 36 წლის, მეუღლე, დედა და უბრალოდ ქალი. უკვე მეორედ ამ ბრძოლაში. ოჯახში წლების წინ გვქონდა ამ დიაგნოზთან შეჯახება,ბებია და მამიდა გარდამეცვალა სიმსივნით, მაშინ ბავშვი ვიყავი მაგრამ ჩემს ქვეცნობიერში ყოველთვის იყო დალექილი კიბოს შიში. მეშინოდა მაგრამ ველოდებოდი. ხშირად ვამბობ ჩემი ფიქრებით მოვიყვანე ეს დაავადება ჩემთანთქო. მარტივი ცხოვრება არასოდეს მქონია, მაგრამ როცა სიმსივნის დიაგნოზს გისვამენ, იქ ჩერდება შენი ცხოვრებაც, სუსტი ადამიანი არ ვარ, პირიქით, მაგრამ სიტყვა "კიბო" იმდენად საშიში იყო შავ-თეთრი გახდა გარშემო ყველაფერი.
პირველად დიაგნოზი 2021 წელს დამიდგინდა. პატარა უმნიშვნელო კვანძი შევნიშნე მკერდში, 2 კვირაში უკვე ცნობილ "პროფესორ" მამოლოგთან ვიყავი, ზერელედ გამსინჯა, მხოლოდ ექოსკოპიით, მითხრა რომ მაქვს ადენომა და გადავრჩი. მოიშორე და გააგრძელე ცხოვრებაო. იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერი მჭირდა არც მიფიქრია გადამოწმება, ერთ თვეში გავიკეთე ოპერაცია და ჩათესვის შემდეგ აღმოჩნდა ძუძუს სამმაგად ნეგატიური სიმსივნე, აგრესიული. მაშინ შევეჯახე პირველად საქართველოს ჯანდაცვის სიბნელეს, უგულო ექიმებს, ცინიკურ დამოკიდებულებას. მაშინ დაშვებულ შეცდომებს დღესაც ვიმკი.
რეციდივი, განსხვავება პირველ დიაგნოზს და მეორეს შორის.
როცა პირველად დამისვეს დიაგნოზი, მახსოვს როგორ ვიყავი შეშინებული, ვერ ვსვამდი კითხვებს. გადავდიოდი ერთი ექიმის კაბინეტიდან მეორეში, სადაც მიღებდნენ უემოციოდ. არავინ არ მიხსნიდა არაფერს რა გჭირს, რას უნდა ელოდო. მახსოვს, როგორ ვეძებდი ინეტრნეტში ინფორმაციას სამმაგად ნეგატიურ სიმსივნეზე. გენეტიკურ-მოლეკულურ ანალიზზე ინფორმაციაც არ მქონდა, მითუმეტეს ყველას ვეუბნებოდი ჩემი ოჯახის ისტორიას.
გავიკეთე 8 ქიმია და გავიარე 8 ჯერ ჯოჯოხეთის გზა, ქუთაისიდან თბილისში დავდიოდი ქიმიის გადასხმაზე და იმ დღესვე უკან ვბრუნდებოდი, ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა.
2 წელი მქონდა რემისია და ამ ორ წელში ძალიან გავიზარდე, ბევრი წავიკითხე ჩემს დაავადებაზე, ვისწავლე, გავითავისე და მივხვდი რომ კიბოს დიაგნოზი არც ისეთი საშიშია, მთავრია გქონდეს წამალი და დროული მკურნალობა.
მეორედ დიაგნოზს უფრო ძლიერად შევხვდი, თვალი გავუსწორე რეალობას, ზუსტად ვიცოდი რას ვებრძოდი და მე რა მევალებოდა.
ფსიქოლოგიური წნეხი და ბრძოლა გადარჩენისთვის.
ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. რადგან თავის დამკვიდრება გიწევს ყველგან. არ მიყვარდა ის სალომე რომელიც სარკიდან მიყურებდა, როცა მარტო ვრჩებოდი. თითქოს ჩემს თავსაც არ ვუტყდებოდი რა მჭირდა, ვმალავდი, ვკლავდი, ერთი ფოტოც კი არ მაქვს იმ დროიდან როცა პირველად დამისვეს დიაგნოზი. მეშინოდა იმ რეალობის სადაც ვიღვიძებდი და ვიძინებდი.
ახლა ყველაფერი შეიცვალა, ალბათ ამიტომ მიწევს მეორედ ამ გზის გავლა, რომ ეს მოცემულობა უნდა მიმეღო რომ გადავრჩენილიყავი. ჩემი თავი მე გადამერჩინა. მებრძოლა ჯერ ჩემთვის და მერე დანარჩენებისთვის.
შევიყვარე ჩემი თავი, თმით და უთმოც, შევიყვარე სიცოცხლე, ყოველი გათენებული დღე. ბევრი ბრძოლა დამჭირდა ჩემს თავთან, მაგრამ შევძელი.
ძალას მაძლევს იმედი და რწმენა, ეს თუ დაკარგე ჩათვალე დამარცხებული ხარ.
სტიგმა და საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოში.
ონკოპაციენტის მიმართ საქართველოში დამოკიდებულება ძალიან ცუდია, ყველას ეცოდები. მე არ მჭირდებოდა შეცოდება, მე მჭირდებოდა მხარდაჭერა. მხარდაჭერა და შეცოდება ერთი და იგივე არ არის. მე არ მინდა იმიტომ დამეხმარონ რომ კიბო მაქვს, იმიტომ მითხრან ლამაზი სიტყვები რომ ვეცოდები. დამეხმარონ, ოღონდ როგორც კიბოიან სალომეს არა, არამედ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, იმიტომ ჩამეხუტონ რომ ვიყვარვარ და არა იმიტომ რომ კიბო მაქვს და ვეცოდები. სამწუხაროდ ჩვენთან ასეა,და მერე ზურგსს უკან ხელს იშვერენ შენსკენ.
ბევრჯერ მიგრძვნია სტიგმა, სიჩუმე და უხერხული სიტუაცია.
როდესაც ჩემს პატარა შვილს დასცინეს რომ მისი დედა მელოტია. სული გტკენიათ როდესმე? აი,ზუსტად მაშინ მეტკინა. განა იმიტომ რომ შემრცხვა და ვერ მივიღე? ან ჩემმა შვილმა ვერ მიიღო ? არა, იმიტომ რომ მე ჩემი შვილის გვერდით არ ვიყავი, იმიტომ რომ არავინ არ იფიქრა ამ დროს რას განიცდიდა დედის გარეშე ომში დარჩენილი პატარა გოგონა. ესეც საზოგადოების პრობლემაა, სიჩუმე, რომელიც გვახასიათებს.
კიბომ უამრავი მეგობარი ჩამომაშორა, წლები რომ ლუკმას ვინაწილებდით. უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან დიაგნოზის შემდეგ, ზოგი ქუჩაშიც აღარ მესალმება. ახლობელი ადმიანები, ვისთან ერთადაც ღამეები მითენებია, ოჯახის წევრებად რომ ვთვლიდი. არ ვბრაზდები მათზე, როდესაც არ იცი თანაგრძნობა, სხვისი ტკივილის გაზიარება, ვფიქრობ თვითონ იმ ადამიანისთვის არის სამწუხარო.
ძალიან რთულ სამასხაურში ვმუშაობდი, ქიმიების დროსაც. მაშინ პარიკი მეკეთა. რთული იყო, მაგრამ მჭირდებოდა გარეთ გასვლა. ადამიანებთან ურთიერთობა გადარჩენის ტოლფასი იყო ჩემთვის.
თანამშრომელმა ყველას თვალწინ დამცინა, როგორ შეიძლება კიბოიანი მუშაობდესო. მაშინაც სიჩუმე იყო ყველასგან, ბევრჯერ მაგრძნობინეს და გაამახვილეს ყურადღება ჩემს დიაგნოზზე. მიკვირს როგორ გადავრჩი? მეშინია ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება, დიაგნოზით და დიაგნოზის გარეშეც.
იძულებით ემიგრაცია, სიცოცხლის გადასარჩენად.
რეციდივის დროს უმარავი კვლევა მომთხოვეს, პეტკატე, ბიოფსია, გენეტიკურ-მოლეკულური ანალიზი, უამრავი საჭირო და არასაჭირო გადაღება. სახელმწიფომ დამაფინანსა მინიმალური თანხით, ზღვაში წვეთი იყო. ამის გამო გამოკვლევები გამიგრძელდა 6 თვე, არ მქონდა საკმარისი თანხა. რათქმაუნდა ამ დროში გაიზარდა და გავრცელდა დაავადება.
ეს გვკვლავს ზუსტად. დაავადების კიარა უფულობის მეშინოდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეყიდა. გვიფინანსებენ ქიმიებს, ისიც ერგება თუ არა შენ დიაგნოზს კაცმა არ იცის. გენეტიკურ-მოლეკულური ანალიზი რომელიც დაავადების საწყის ეტაპზე უნდა გაკეთებულიყო რეციდივის დროს გავიკეთე. ჩვენთან უკუღმა იწყება მკურნალობა და ამიტომ გვაქვს ცუდი შედეგი. თორემ კიბო კიბოა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ამის გამო მომიხდა ქვეყნის დატოვება, სრულფასოვანი მკურნალობისთვის, წამალი, რომელიც დღეს სიცოცხლეს მჩუქნის საერთოდ არ არის რეგისტრირებული ჩვენს ქვეყანაში, არ უნდა ვიცოცხლო? იმიტომ რომ სახელმწიფოს არ სცალია ჩვენნაირი ადამიანებისთვის.
ყველა გამოკვლევის შემდეგ დადასტურდა რეციდივი ფილტვზე, ლიმფურ კვანძებში და აღმოჩნდა გენეტიკური. თავიდან ვიწყებდი ყველაფერს, რაც უფრო ბევრი ცოდნა გაქვს უფრო ძლიერი ხდები და უფრო ებრძვი ამ დაავადებას. ახლობლების და სრულიად უცხო ადამიანების დახმარებით როგორც იქნა მოვახერხე ამ გამოკვლევების გაკეთება, მაგრამ მივხვდი რომ სულ ასე ვერ ვიქნებოდი, სხვების იმედად. სწორედ მაშინ გადავწყვიტე სხვა ქვეყანაში წასვლა. იმას რასაც ჩემი სახელწიფო უნდა მაძლევდეს, მაძლევს სხვა ქვეყანა და მე მომიწია აქ მტკიცება, რომ მე ჩემს ქვეყანაში წამალიც კი არ მექნებოდა.
ყველაზე რთული შვილის დატოვება იყო. ვუყურებდი დაძინებულს და არ ვიცოდი საერთოდ ცოცხალს მნახავდა კი? მისი სუნი ახლაც მახსოვს. მახსოვს როგორ დავემშვიდობე, როგორ დავუბარე ჩემი ბოლო სიტყვები, როგორ არ მეთმობოდა. რამდენჯერ მივბრუნდი სახლში რომ კიდევ მეკოცნა. რამდენი რატომ და როგორ დავუსვი ჩემს თავს.
არჩევანი მქონდა ორ ჯოჯოხეთს შორის, შვილთან დარჩენა რომელსაც მოუწევდა უწამლოდ მყოფი დედის ყურება, თუ შვილისგან შორს ყოფნა და ცოცხალი დედა.
ყველაზე მტკივნეული იყო, როდესაც ჩემს შვილს შევპირდი მის დაბადების დღეზე მის გვერდით ვიქნებოდი და ეს ვერ მოვახერზე, ვიცი როგორ მელოდა, ბოლო წუთამდე. ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, რამდენჯერ შეიძლება მოკვდეს ადამიანი? თურმე ბევრჯერ.
ევროპული ჯანდაცვა
პირველად ჩემი ყურადღება მიიპყრო უბრალო, სადა კლინიკებმა, პაციენტის კეთილდღეობაზე მორგებულმა. ექიმების და ექთნების, უშუალო და მზრუნველმა დამოკიდებულებამ.
ვნახე ბედნიერი "კიბოიანი" პაციენეტები, რომლებსაც არ აშინებთ დაავადება, არ ფიქრობენ ხვალ რა გაყიდონ სახლიდან რომ გამოკვლევა გაიკეთონ, არ ფიქრობენ "დაფინანსებული" წამალი რომელ აფთიაქში ეძებონ. არ ფიქრობენ წამლის ხარისხზე. აქ ყველა მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე არის კონცენტრირებული. არავინ გიყურებს როგორც მომაკვდავს, ან ფულის საჭრელ მანქანას. უამრავ დროს გითმობს ექიმი რომ მოგისმინოს, თითქოს შენი ოჯახის წევრია. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყევლა პაციენტის მიმართ.
საზოგადოების დამოკიდებულება ევროპაში ონკოპაციენტის მიმართ.
აქ არავინ გაგრძნობინებს რომ ეცოდები, არავინ გიყურებს ქუჩაში გაოცებული და შეშინებული. ჩვეულებრივი ადამიანი ხარ მათნაირი. ეს გაძლევს ძალას და სტიმულს. მე ვიცი საქართველოში ბევრი პაციენტი, რომელსაც უბრალოდ რცხვენია ქუჩაში გამოსვლა თავსაფრის გარეშე, თქმა რომ კიბო აქვს, ჩაკეტილია მის ნაჭუჭში. იმიტომ, რომ ეშინია ხალხი რას იტყვის, ეშინია დაცინვის, ეშინია რომ გაკიცხავენ. ამაზე ხმამაღლა საუბარი არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ჩვენგან ონკოპაციენტებისგან და ეს უნდა მიიღოს საზოგადოებამ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენ არ უნდა ვრჩებოდეთ მარტო საკუთარ თავთან და ოჯახთან.
საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.
ჩემთვის ტელევიზიით დაზეპირებული სიტყვით გამოსვლები, რეკლამები და ბუშტები არ არის ცნობირების ამაღლებაზე ზრუნვა. საჭიროა რეალური, ქმედითი ნაბიჯები.
ჯერ დავიწყებ იმით რომ ყველა ონკოპაციენტს უნდა ჰყავდეს ფსიქოლოგი და ამას უნდა აფინანსებდეს სახელწიფო, როგორც საზღვარგარეთ. მე გადამარჩინა ჩემმა ფსიქოლოგმა და დღეს რომ ბედნიერი და ღიმილიანი ონკოპაციენტი ვარ, ეს ჩემი ფსიქოლოგის დამსახურებაა.
აუცილებლად უნდა ტარდებოდეს სკოლებში მშობლებთან, მასწავლებლებთან, უნივერსეტიეტებში შეხვედრები და საუბრები ამ თემაზე. მშობელმა იცოდეს როგორ უნდა მიაწოდოს უმტკივნეულოდ შვილს ინფორმაცია მის დაავადებაზე, რომ ამას არ შეეწიროს ბავშვის ფსიქიკა. ცნობიერების ამაღლებით შეიცვლება საზოგადაობის დამოკიდებულება ონკოპაციენტების მიმართ, ისწავლიან მიმღებლობას და მხარდაჭერას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ონკოპაციენტისთვის.
3 წლის იყო ჩემი შვილი როდესაც ერთად ჩავერთეთ ამ ომში, მისი თანდასწრებით გადავიპარსე თავი ორჯერ, ძალიან მარტივად ვუხსნიდი მცირე ასაკშიც კი რა გზას გავდიოდი, მივლიდა, თუ ლაპარაკი არ შემეძლო წერილებს ვუწერდი, ვუყურებდით უამრავ ვიდეოს ჩემნაირ პაციენტებზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე. დღეს ჩემი გოგონა უკვე 7 წლის და მე მყავს ღირსეული, შემდგარი, ძლიერი და ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც ვერასდროს შეაშინებს დაბრკოლებები, იცის თანადგომა, სხვისი ტკივილის გაზიარება, განსხვავებული ადამიანის მიღება. არ ერიდება თქვას, რომ დედას არააქვს თმა რადგან იკეთებს ქიმიებს, საუბრობს სკოლაში, მეგობრებთან და ნებისმიერ ადამიანთან უხერხულობის გარეშე. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამაზე.
მხარდაჭერის როლი მკურნალობის პროცესსში.
მხარდაჭერას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს კიბოსთან ბრძოლის გზაზე, ვიტყოდი გადამრჩენელია. როცა უცნობი ადამიანები მეუბნებიან რომ მათთვის ბრძოლის მაგალითი ვარ და ეს გულიდან წამოსული სიტყვებია, უფრო დიდი მოტივაცია მაქვს.
მყავს მეუღლე რომელსაც დიაგნოზის დასმის დღიდან ხელი არ გაუშვია ჩემთვის, მისი ცხოვრება გადადო, რომ მე ვიცოცხლო. არასოდეს დაუწუწუნია. ოჯახი ჩემი ძალაა.
ადამიანების სიყვარული და თანადგომა წამალივით მუშაობს.
რას ცვლის დიაგნოზი.
დიაგნოზის შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება უმიზეზოდ. ვფიქრობ რომ ეს განსაცდელი ტყუილად არ მოსულა ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რამე დავაფასე რაც მანამდე უმნიშვნელო მეგონა. იმდენად შეიცვალა სამყარო ხანდახან ვფიქრობ აქამდე ბრმა ვიყავითქო. თუნდაც იმიტომ ღირდა რომ ამდენი ყალბი ადამიანი ჩამომშორებოდა და მეპოვნა ნამდვილი მეგობრები. მადლიერი ვარ უფლის.
ჩემი ისტორიის გაზიარება არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ მინდა ვიყო მაგალითი სხვა ქალებისთვის რომლებიც ახლა ამ გზას გადიან და ეშინიათ, მე არ დავყარე ფარ-ხმალი. ბევრი ვიტირე, თავსაც ვიდანაშაულებდი ოჯახის და სამყაროს წინაშე, იმედიც დამიკარგავს, ბრძოლის ძალაც, ხანდახან მეგონა მორჩა და ეს ღამე ბოლო იყო ჩემს ცხოვრებაში, მახსოვს როგორ ვემშვიდობებოდი ჩემს მეუღლეს, მაგრამ თან უფალს ვთხოვდი ცოტა დრო კიდევ მოეცა, ხელიც ჩამიქნევია.
მაგრამ გადავრჩი, სიცოცხლის სიყვარულმა გადამრჩინა. ვგრძნობ რომ უფალს არასოდეს გაუშვია ხელი ჩემთვის.
შეიყვარეთ სიცოცხლე, ყოველი გათენებული დილა. არ ინერვიულოთ იმაზე რაც აღარ გამოსწორდება, სარკეში ხშირად უთხარით თქვენს თავს რომ ლამაზი და ძლიერი ხართ, მოეფერეთ, გაუფრთხილდით. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. ქარიშხალი აუცილებლად გადაივლის.
#საქართველოსჯანდაცვა #ონკოპაციენტები #პაციენტებისხმა #ემიგრაცია #იძულებითემიგრაციასიცოცხლისთვის #ძუძუსკიბო #კიბოგანაჩენიარარის #სიმსივნე fans