10/06/2026
🌱პოსტი საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, თუმცა ვინც მაძიებელია, მისთვის შეიძლება სარგებლის მომტანიც იყოს.
🫀 როგორც კი ვაღიარებთ, რომ მგრძნობიარეები ვართ, ვხვდებით, რომ ყველაფერი ზემოქმედებს ჩვენზე.
ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც ეხება თვალებს ან კანს. საგნები გულსაც ეხება და როდესაც გული შეხებას გრძნობს, ის ირხევა — როგორც წყლის ზედაპირი. თითქოს ფოთოლი ჩააგდეს ტბაში და ზედაპირი ვიბრირებს.
ეს თავისთავად მშვენიერია, მაგრამ თუ ტბაში მუდმივად ქვებს, ნამსხვრევებსა და ნაგავს ისვრიან, წყალი ირევა, ტალახდება და ვეღარ ირეკლავს სინამდვილეს.
სუფთა ანარეკლი ქრება, ხოლო როცა წყალი მშვიდდება და იწმინდება, მგრძნობელობა ისევ ბრუნდება, მაგრამ უკვე ნათლად ხედავ:
„აი, ეს არის ის, რაც ჩემზე მოქმედებს.“
ხედავ, რა ქმნის შენში ტალღებს.
ზოგი შეხება ლამაზია — გულის გახსნა შეუძლია. ზოგი კი ბრაზში, წყენაში, არასრულფასოვნების განცდაში ან გადაღლილობაში გვაგდებს.
და სწორედ ამის გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი: - რა ისვრის ქვებს ჩვენს ტბაში?
ადამიანი შეიძლება იყოს მგრძნობიარე და ამავე დროს შინაგანად დაურღვეველი, რადგან პრობლემა მხოლოდ იმაში არაა, რასაც ვხედავთ, ვისმენთ ან ვეხებით. პრობლემა იმაშია, როგორ აღიბეჭდება ეს ყველაფერი გულში.
🫀 როდესაც გულში დაგროვილი ეს შრეები იწყებენ მოქმედებას, ისინი გულს ფარავენ, როგორც ტანსაცმელი ფარავს სხეულს, ისე ფარავენ ისინი ცნობიერებას. ახვევენ, ახშობენ, ამძიმებენ მას.
და მერე ადამიანი უკვე სამყაროს აღარ ხედავს პირდაპირ - ხედავს მხოლოდ საკუთარ რეაქციებს, მაგრამ თუ ამ ფენებს თანდათან დავინახავთ, შევიგრძნობთ და მათ მიმართ გულგრილი სიცხადე გაჩნდება, მაშინ რაღაც იცვლება.
თვალი ხედავს — მაგრამ გული აღარ თრთროლდება.
ყური ისმენს — მაგრამ შინაგანი მიწისძვრა აღარ იწყება.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ადამიანი ნელ-ნელა თავისუფლდება საკუთარი აზრების ტირანიისგან, რადგან რეალურად ყველაზე ძლიერი „კონტაქტი“ გარედან არ მოდის.
ხმა. სუნი. გამოსახულება. ეს ყველაფერი წამიერია.
ნამდვილი ზემოქმედება იწყება მაშინ, როცა გონება ინტერპრეტაციას აკეთებს, როცა სახელებს ვარქმევთ: „მომხიბვლელი“, „საშიში“, „ამაზრზენი“, „სასურველი“ და ეს მენტალური იარლიყი პირდაპირ გულში ხვდება.
მაგალითად, ლოკოკინა შეიძლება ვიღაცისთვის ამაზრზენი არსებაა, მაგრამ რეალურად - უბრალოდ არსებაა.
ის არაფერს აშავებს. ცხოვრობს თავისი ბუნებით, მაგრამ ადამიანის გონება მის გარშემო ქმნის იდეას: „სველი“, „ლორწოვანი“, „საშიში“, „საზიზღარი“.
და მერე უკვე თავად იდეაზე რეაგირებს ადამიანი - არა რეალურ არსებაზე.
იგივე ხდება ობობასთანაც.
პატარა ობობა ზის აბაზანაში და თავის საქმეს აკეთებს.
ალბათ ბუზის დაჭერას ცდილობს, მაგრამ ადამიანის შინაგანი პროგრამა ყვირის: „საფრთხე!“ „საშინელებაა!“„ამომაძვრება!“ „შემეხება!“ და შიში წარმოიქმნება.
არა იმიტომ, რომ რეალური საფრთხე არსებობს - არამედ იმიტომ, რომ გონებამ სურათს ისტორია მიაწება.
სულიერი გამოღვიძების პრაქტიკა ნიშნავს იმის სწავლას, რომ: რაც არ მოგვწონს - მხოლოდ უარყოფით ნიშნად აღარ აღვიქვათ და რაც მოგვწონს - ბრმად აღარ მივეჯაჭვოთ.
გული თანდათან დამოუკიდებელი ხდება „ნიშნებისგან“. ხალხის აზრებისგან, ტრენდებისგან, სოციალური ჰიპნოზისგან.
ადამიანები ხომ „ჯოგური არსებები“ ვართ. ვაკვირდებით ერთმანეთს და ვსწავლობთ, რას უნდა ვგავდეთ, რა უნდა ჩავიცვათ, რა უნდა გვქონდეს, როგორი უნდა ვიყოთ.
და უცებ მთელი საზოგადოება შეიძლება ერთმა იდეამ მოიცვას: „ეს ჩანთა უნდა გქონდეს.“ „ეს ბრენდი უნდა გეცვას.“ „ასე უნდა გამოიყურებოდე.“
და ადამიანი ფულს უკვე ნივთში კი არა - მნიშვნელობაში იხდის.
სახელში. სტატუსში. იდენტობაში.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ასეთია: „ვინ მართავს ჩემს ცხოვრებას?“
მართლა მე ვირჩევ? თუ მხოლოდ პროგრამებით ვმოძრაობ?
და აქ იწყება ნამდვილი თავმდაბლობა, გაცნობიერება, რომ ჩვენ ძალიან მარტივად პროგრამირებადი არსებები ვართ. სხვებისგან ვიღებთ ფორმებს, მოლოდინებს, ქცევებს.
და ხშირად საერთოდ აღარ ვიცით, საიდან მოდის ეს შინაგანი ხმები: „ასე უნდა იყოს.“, „არასოდეს გამომივა.“, „ყველა ასე ფიქრობს ჩემზე.“
მაგრამ… მართლა იცი რას ფიქრობს „ყველა“?
თუ მხოლოდ საკუთარ შიშს უსმენ?
როცა ეს შინაგანი პროგრამები ძლიერდება, მოქმედების ნამდვილი წყარო თითქოს ქრება.
ადამიანი უკვე აღარ ამბობს: „მე ახლა შიში ვიგრძენი.“
არამედ ამბობს: „მე მშიშარა ვარ.“
აღარ ამბობს: „სევდა მომეძალა.“
ამბობს: „მე გატეხილი ვარ.“
და აი აქ იბადება ყველაზე ღრმა ილუზია, რაც გულში ხდება - გვგონია, რომ ეს ჩვენ ვართ, რადგან გული ინტიმური სივრცეა, იქ ყველაფერი ძალიან პირადად იგრძნობა.
ამიტომ ნებისმიერი ხმა, ემოცია, დაძაბულობა თუ შფოთვა ძალიან ადვილად იღებს ფორმას: „ეს მე ვარ.“
და მერე იწყება მუდმივი შინაგანი მონოლოგი: „ჩემი პრობლემები…“, „ჩემი ხასიათი…“, „ჩემი ტრავმები…“, „მე ასეთი ვარ…“
მედიტაციაშიც ადამიანი ზოგჯერ ზის და ფიქრობს: „ღმერთო… რა არეულობა ვარ.“ „მე ვერასოდეს გამოვალ აქედან.“ „როგორ უნდა გავხდე სხვა?“
ანუ თვითდაკვირვებაც კი შეიძლება გადაიქცეს კიდევ ერთ მცდელობად - შექმნა „იდეალური მე“.
ეს პროგრამა არასოდეს მუშაობს! არ არსებობს ადამიანი, რომელმაც „სრულყოფილი საკუთარი თავი“ შექმნა!
ეს ჰგავს რბოლას, რომელიც არასოდეს არავის მოუგია.
და ეს რბოლა ყველგან თამაშდება: სამსახურში, ურთიერთობებში, გარეგნობაში, სოციალურ სტატუსში, სულიერებაშიც კი.
„უნდა ვიყო ეფექტური.“ „უნდა ვიყო მშვიდი.“ „ყოველთვის მოწესრიგებული.“
„ყოველთვის კეთილი.“ ყოველთვის ცნობიერი.“„ყოველთვის ძლიერი.“
და ბოლოს წარმოიქმნება შეუძლებელი სია, რომლის შესრულებასაც ადამიანი ყოველდღე სთხოვს თავის თავს.
მაგრამ რა ხდება, როცა აგვიანებ?
როცა რაღაც გეშლება?
როცა ენერგია აღარ გაქვს?
როცა უბრალოდ ადამიანი ხარ?
მაშინ ჩნდება შინაგანი სადამსჯელო ხმა: „იდიოტი ხარ.“ „კვლავ ვერ შეძელი.“ „სხვები უკეთესები არიან.“ „უფრო შეგნებული უნდა იყო.“
ან მეორე უკიდურესობა:
„სხვისი ბრალია.“ „მშობლების ბრალია.“ „სისტემის ბრალია.“ „მთავრობის ბრალია.“
ნამდვილად გვეხმარება ბრალდება? სხვისი დადანაშაულება? საკუთარი თავის სიძულვილი? თუ ეს უბრალოდ გადაუმუშავებელი ბრაზია?
ძალიან ხშირად ადამიანი მთელი ცხოვრება ცდილობს მიაღწიოს იმას, რაც თავიდანვე შეუძლებელი იყო. ცდილობს სრულ კონტროლს, სრულყოფილებას, უსასრულო ეფექტურობას.
და ამის ჩრდილი ყოველთვის ერთია: შიში, რომ არასაკმარისი ხარ. ამიტომ ადამიანები მუდმივად რაღაცის დამტკიცებას ცდილობენ.
მაგრამ ვის უმტკიცებენ?
ვინ ზის სადღაც და აფასებს, საკმარისად ღირებული ხარ თუ არა?
რა უნდა ქნა, ქუჩაში დადგე პლაკატით? „გთხოვთ, მითხარით, რომ ღირებული ადამიანი ვარ.“
ადამიანი იმდენად ეჩვევა შინაგან კრიტიკას, რომ როცა ვინმე სიყვარულს ან მხარდაჭერას აძლევს — ვეღარც კი იღებს.
ვინმე თუ გეუბნება: „კარგად გამოგდის.“ შინაგანად პასუხობ: „მან უბრალოდ სინამდვილე არ იცის.“
თუ გეუბნება: „მშვენიერი ხარ.“ შინაგანად პასუხობ: „ეს თავაზიანია, მაგრამ აჭარბებს.“
და ნელ-ნელა ადამიანი იწყებს საკუთარ ჩრდილის ნამდვილ სახედ აღქმას.
„ნამდვილი მე — ეს ჩემი დაზიანებული ნაწილია.“ „ჩემი შიშია.“ „ჩემი სიბნელეა.“
და სწორედ აქ იკვრება ფსიქოლოგიური ხაფანგი, რადგან ყოველ ახალ გამოცდილებას ძველი ჭრილობის ფორმა ედება. თუ ერთხელ ირწმუნე, რომ არასაკმარისი ხარ — მერე ყველაფერი ამის დამადასტურებლად იკითხება.
ეს არ ნიშნავს, რომ შენ ცუდი ხარ. ეს ნიშნავს, რომ გულში ჩავარდა გამოცდილება, რომელმაც კვალი დატოვა და ახლა მთელი ცნობიერება ამ კვალის გარშემო მოძრაობს.
ემოცია თავისთავად წამიერია. შეიძლება წამოვიდეს შიში, სევდა დაბნეულობა, გაღიზიანება, მაგრამ პრობლემა მაშინ იწყება, როცა ეს განცდა გულში ვარდება და იქიდან იბადება აზრი: „მე ასეთი ვარ.“ „მე შფოთიანი ადამიანი ვარ.“ „მე სუსტი ვარ.“ „მე გაუმართავი ვარ.“ „მე პრობლემური ვარ.“
და ადამიანი იწყებს იმასთან იდენტიფიცირებას, რაც სინამდვილეში უბრალოდ მდგომარეობაა.
შფოთვა იმიტომ არ ჩნდება, რომ შენ „არასწორი“ ხარ. ის ჩნდება იმიტომ, რომ პირობები არასრულყოფილია და ეს სამყაროს ბუნებაა.
ყველა სისტემა ოდესღაც ფუჭდება. ტექნიკა ფუჭდება, სხეული ავადდება, ურთიერთობები იცვლება.
არ არსებობს სისტემა, რომელიც სამუდამოდ იდეალურად იმუშავებს.
არც ერთი ფილოსოფია. არც ერთი სოციალური მოდელი. არც ერთი ადამიანი.
სრულყოფილების იდეა - ფანტაზიაა.
და მაშინ ჩნდება კითხვა: როგორ ვუპასუხოთ ამას? ბრაზით? პანიკით? თვითსიძულვილით? თუ არსებობს სხვა გზა?
- ესაა მოთმინება.
არა პასიური მოთმინება ან ჩუმი ჩახშობა. არამედ უნარი - დარჩე საკუთარ გამოცდილებასთან ისე, რომ არ გაიქცე.
რადგან როცა ადამიანი საკუთარ თავზე ზეწოლას იწყებს: „უნდა მოვასწრო.“ „უნდა შევძლო.“ „უნდა ვიყო უკეთესი” - გული თანდათან იბურება, გონება იძაბება, სხეული იღლება, ემოციური სისტემა ქაოსში შედის.
და მერე ჩნდება კომპენსაციები: გადაჭარბებული ჭამა, დამოკიდებულებები, გაქცევა სოციალურ ქსელებში, უსასრულო შოპინგი, ფანტაზიები, ალკოჰოლი, დასჯა, თვითდაზიანება.
ადამიანი ცდილობს გაიქცეს იმ ტკივილისგან, რომელიც თვითონვე შექმნა საკუთარი თავის მუდმივი დაჭერით.
და რაც ყველაზე საშიშია — ეს ყველაფერი ავტომატური ხდება, თითქოს პროგრამა ჩაირთო. უკვე აღარ ფიქრობ, რეაქცია თვითონ ხდება.
ამას „სიბრძნის წრედების გამორთვა“ ქვია, რადგან რეაგირება ყოველთვის უფრო სწრაფია, ვიდრე გაცნობიერება. როცა გადაღლილი ხარ, დაძაბული ხარ, გეჩქარება — გინდა სწრაფი გამოსავალი.
არა სიჩუმე, არა სუნთქვა, არა გაჩერება - გინდა ღილაკი, რომელიც მყისიერად მოგაშორებს დისკომფორტს და ამიტომ თანამედროვე სამყარო მუდმივად რეაქციებზე მუშაობს.
„იჩქარე.“ „არ დაკარგო დრო.“ „იყავი პროდუქტიული.“ „მიიღე მეტი.“
მაგრამ ამ დროს ადამიანი საკუთარ გულს საერთოდ ვეღარ უსმენს. სწორედ აქ იწყება ის, რასაც „ფსიქიკურ ჯანმრთელობას“ ვეძახით. ეს ხშირად მხოლოდ „გონების პრობლემა“ არ არის, ეს გულის პრობლემაა.
როცა ღამე ვერ იძინებ შფოთვის გამო - ეს მხოლოდ აზრები არ არის.
🫀გული წონასწორობას კარგავს, როცა დეპრესიაში ვარდები მარცხის გამო - ეს მხოლოდ „ლოგიკური შეცდომა“ არ არის.
გული დაიღალა.
🫀 გული მხოლოდ ემოციების წყარო არ არის, გული მთელი სხეულის ინტელექტია.
როცა დარბიხარ, სხეულმა თვითონ იცის რა უნდა ქნას. შენ ხომ არ ეუბნები ფეხებს: „ახლა მარცხენა ფეხი ასწიე.“ „ახლა წონასწორობა დაიცავი.“
ეს ყველაფერი უფრო ღრმა ინტელექტით ხდება. გული და სხეული ერთად მუშაობენ.
რატომ არის მედიტაცია მნიშვნელოვანი ადამიანისთვის? რადგან მედიტაციაში სხეულია ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ადამიანი მთლიანად აზრებში იკარგება, სხეული შეიძლება გახდეს საყრდენი. სწორი ხერხემალი, სუნთქვა, ფეხების შეგრძნება, მიწასთან კავშირი. ეს ყველაფერი გულს ეხმარება, რომ ისევ დაბალანსდეს. და შემდეგ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა: „მე არ ვარ პროგრამა.“
თუ შეგიძლია შენი შფოთვა დაინახო - მაშინ მხოლოდ შფოთვა არ ხარ.
თუ შეგიძლია საკუთარ შიშს დააკვირდე - მაშინ შიში არ ხარ.
თუ შეგიძლია საკუთარ თავში არსებული ხმა მოისმინო - მაშინ მსმენელი იმ ხმაზე დიდია.
მედიტაციის ერთ-ერთი პირველი შოკიც ესაა.
ადამიანი პირველად ხედავს, რამდენად ქაოსურია მისი გონება.
ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა ჩემს შინაგან მდგომარეობას ვერც ვხსნიდი, ვერც სახელს ვარქმევდი და ვერც ვშველოდი. დავდიოდი ექიმებთან, ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთან, ჩენელინგზე, ნათელმხილველებთნ და შამანებთანაც კი, ვკთხულობდი და ვეძიებდი ინფორმაციას მსგავსი მდგომარეობის შესახებ, პასუხებს ვერ ვიღებდი. როდესაც ყველა ხელმისაწვდომი საშუალება ამოვწურე ამის გამოსარკვევად, უბრალოდ თვალები დავხუჭე და მზერა შიგნით მივაბრუნე, იმ ინტერესით, რომ გამერკვია თუ სინამდილეში რა ხდებოდა იმ სიცარელიეში რასაც მე განვიცდიდი.
მოგვიანებით მივხვდი - ეს იყო მედიტაციური მდგომარეობა.
როდესაც ხდები დამკვირვებელი შენი შინაგანი მდგომარეობის, მაშინ ეხსნება ფარდა ყველა საიდუმლოს, რაც კაცობრიობა თავისი არსებობის განმავლობაში ეცადა სიმბოლოებითა და მინიშნებით გადმოეცა ყველა რელიგიურ სწავლებებში, მითოლოგიურ კონტექსტში თუ კულტურულ წეს-ჩვეულბებში. და ეს ყველაფერი მოდის რეგულარულ პრაქტიკაში.
დავუბრუნდეთ პირველი მედიტაციის შთაბეჭდილებას. აჯან სუჩიტო იხსენებს, როგორ დაჯდა პირველად მედიტაციაზე და მასწავლებელმა უთხრა: „უბრალოდ სუნთქვას მიჰყევი.“ და ის ამბობს: „ერთ ჩასუნთქვასაც ვერ გავყევი ბოლომდე.“ აზრები გამუდმებით მოდიოდა. და სწორედ მაშინ მიხვდა: „ღმერთო… რა არეული ვარ.“ მაგრამ მერე გაჩნდა მეორე კითხვა: თუ ამ არეულობას ვუყურებ, მაშინ ვინ არის დამკვირვებელი?
აი აქ იწყება ნამდვილი პრაქტიკა. არა საკუთარი თავის „გამოსწორება“, არამედ სარკედ ქცევა, მშვიდ, სტაბილურ სარკედ.
როცა ადამიანი უბრალოდ ზის და აკვირდება: „აი, ეს არის შიში,“ „ეს არის სევდა,“
„ეს არის სირცხვილი” და არ გარბის… ნელ-ნელა რაღაც რბილდება, გულის ნამდვილი ბუნება იწყებს გამოჩენას.
გულის სიღრმეში ბუნებრივად იბადება: სიკეთე, თანაგრძნობა, მოთმინება, სიყვარული. ამის „შექმნა“ არ გვჭირდება. ის უკვე იქ არის, უბრალოდ, ზედ ძალიან ბევრი ხმაური ადევს.
და მერე სიბრძნე ნელ-ნელა იწყებს მოქმედებას, არა გონებრივი თეორიების სახით, არამედ პირდაპირი შეგრძნებით.
„ეს გზა ტკივილს ქმნის.“ „ეს ჩვევა ხაფანგია.“ „ეს რეაქცია ისევ იმავე წრეზე მატრიალებს.“
და უცებ ადამიანი ხედავს: მთელი ცხოვრება სარბენ ბილიკზე დარბოდა, ფიქრობდა, რომ სადღაც მივიდოდა, მაგრამ ბილიკი არსად მიდიოდა.
და სიბრძნე უბრალოდ ამბობს: „ჩამოდი.“ არ შეებრძოლო ბილიკს. არ სცადო მისი შეჩერება. უბრალოდ ჩამოდი.
როდესაც ხედავ "ტანჯვას", ხედავ მის მიზეზს, ხედავ, რომ არსებობს გამოსავალი და იწყებ სხვა გზით სიარულს.
შემდეგ ადამიანი სწავლობს ნიშნების ამოცნობას თუ როდის იწყება დამოკიდებულება, როდის მოდის სიძულვილი, როდის ერთვება პროგრამა და თანდათან ჩნდება უნარი: არ გაჰყვეს ყველაფერს, რასაც გონება სთავაზობს, რადგან ყოველი იმპულსი სიმართლე არ არის.
ყოველი ხმა — შენ არ ხარ.
ყოველი შიში — წინასწარმეტყველება არ არის.
დღეს თუ ერთ ადამიანს მაინც დაეხმარები, რომ მარტო არ იგრძნოს თავი — ეს უკვე დიდი საქმეა.
რადგან თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა ფიქრობს: „მე მარტო უნდა გავუმკლავდე ყველაფერს.“
და სწორედ აქ იწყება გულის გზა, როცა ვწყვეტთ ადამიანების „როლებად“ დანახვას.
„ტაქსისტი.“ „გამყიდველი.“ „უცხო.“ „პრობლემური.“
თუნდაც პირველად ვხედავდეთ ადამიანს, ვკითხოთ: „როგორ ხარ სინამდვილეში?“ „ძალიან გიჭირს?“ ვკითხოთ გულით. 🫀
ეს პატარა შეჩერებები, პატარა ადამიანური მოძრაობები — უკვე პრაქტიკაა. ეს არის პროგრამიდან გამოსვლა.
შეჩერდი....... არ გაჰყვე ავტომატურ რეაქციას..... 🌱 დაელოდე.....
დაელოდე, სანამ გულის ბუნებრივი მოძრაობა აღმოცენდება.
სიყვარულით. სიმართლით. პატივისცემით. სიბრძნით.
🌱 ეს არის ნამდვილი გზა.