27/08/2026
„რძე იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას?“ — სანამ ასეთ დასკვნას გავაკეთებთ, იქნებ კვლევა გულდასმით წავიკითხოთ
დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ნუტრიციოლოგის ვიდეო შემხვდა, სადაც საკმაოდ კატეგორიულად აღნიშნა: „ახალი კვლევით დადასტურდა — რძე ღვიძლის გაცხიმოვნებას იწვევს.“ მითითებული იყო კონკრეტული სამეცნიერო კვლევაც. ასეთი სათაური, ბუნებრივია, ყურადღებას მაშინვე იპყრობს — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია პროდუქტზე, რომელსაც მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს. მაგრამ როგორც ექიმს და კლინიკურ ნუტრიციოლოგს, აქ ერთი კითხვა გამიჩნდა: ნამდვილად დაადასტურა კვლევამ, რომ რძე იწვევს აღნიშნულ პრობლემას? პასუხი არის — არა. კვლევა საინტერესოა, მაგრამ მისი შედეგის ასეთი ინტერპრეტაცია სამეცნიერო მონაცემებს სცდება.
2026 წლის 25 აგვისტოს The American Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნდა randomized crossover trial, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ 24 ჯანმრთელი, სიმსუქნის არმქონე ზრდასრული — 12 ქალი და 12 კაცი. მკვლევარებმა შეადარეს სამი ტიპის ნახშირწყლის მიღების შემდეგ განვითარებული მეტაბოლური პასუხი: მალტოდექსტრინი, ლაქტოზა და საქაროზა. თითოეულ ტესტურ სასმელში იყო 100 გ ნახშირწყალი და 50 გ ცხიმი. კვლევის მთავარი საკითხი იყო hepatic de novo lipogenesis (DNL) — ანუ პროცესი, რომლის დროსაც ღვიძლი ნახშირწყლებისგან ახალ ცხიმოვან მჟავებს წარმოქმნის. ლაქტოზის მიღების შემდეგ DNL დაახლოებით 22% იყო, მალტოდექსტრინის შემთხვევაში — 11%, ხოლო საქაროზის შემთხვევაში — 23%. ანუ ლაქტოზამ ღვიძლის DNL მართლაც გაზარდა და ეს ეფექტი საქაროზისგან სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა.
მაგრამ აქ არის მთავარი: კვლევაში არ შესწავლილა, განუვითარდათ თუ არა მონაწილეებს ღვიძლის გაცხიმოვნება (MASLD). კვლევა არ აფასებდა ღვიძლის ცხიმის დაგროვებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არ იყო შექმნილი იმის დასადგენად, იწვევს თუ არა რძის მიღება ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებას. მკვლევარებმა შეისწავლეს მწვავე მეტაბოლური პასუხი — DNL, და არა დაავადების განვითარება. ამიტომ „ლაქტოზამ გაზარდა DNL“ და „რძე იწვევს ცხიმოვან ღვიძლს“ ერთი და იგივე სამეცნიერო დასკვნა არ არის.
უფრო მეტიც, კვლევაში გამოყენებული იყო იზოლირებული ნახშირწყლების კონტროლირებული დოზები და არა ადამიანების ყოველდღიური კვების ჩვეულებრივი რაციონი.
ამ კვლევას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა: ის აჩვენებს, რომ ლაქტოზის მეტაბოლური ეფექტები შესაძლოა უფრო რთული იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა, და ავტორების აზრით, ეს საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს. მაგრამ ერთი მცირე, მოკლევადიანი კვლევა 24 ჯანმრთელ ადამიანში ვერ გვაძლევს საფუძველს ვუთხრათ საზოგადოებას: „რძე იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას.“ სწორედ აქ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან მეტაბოლური მექანიზმი, ბიოლოგიური სიგნალი, ასოციაცია და დადასტურებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ჩემი რეკომენდაცია მარტივია: ნუ შეგეშინდებათ კვლევის სათაურის — წაიკითხეთ, რას იკვლევდნენ სინამდვილეში. მეცნიერებაში ერთი საინტერესო მექანიზმის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ არის დაავადების დიაგნოზი.
კვლევა:
Carter S, Spellanzon B, Johnson E, et al. Lactose and Sucrose Each Stimulate Hepatic De Novo Lipogenesis: A Randomised Crossover Trial. The American Journal of Clinical Nutrition. Published online August 25, 2026. PMID: 42641959.
DNL-ის ზრდა ≠ ცხიმოვანი ღვიძლის დიაგნოზი.
კვლევა წავიკითხოთ მანამდე, სანამ პროდუქტს ავკრძალავთ!
#ლიზიკუჭავა