27/08/2026
დღეს საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტის, ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) წევრის, ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) წევრის, ევროპის მედიკოსთა ასოციაციის საქართველოს თორაკალურ ქირურგთა სექციის ხელმძღვანელის, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრის, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკოქირურგიისა და ონკოლოგიის გუნდის ხელმძღვანელის, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანის, დავით გიორგაძის დაბადების დღეა.
ბატონი დავითი ის ადამიანია, ვისი სახელიც პატივისცემასა და მადლიერებას იწვევს — არა მხოლოდ მისი პროფესიული წარმატებების გამო, არამედ იმ სითბოსა და ადამიანურობის გამოც, რასაც ის ყოველდღიურად მის გარშემო ავრცელებს. მისი ცოდნა, გამოცდილება და თანადგომა უამრავმა ადამიანმა გამოსცადა და ყველა მათგანი მისი მადლიერია.
პროფ. დავით გიორგაძის, როგორც ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის, წვლილი საქართველოში ონკოლოგიის, თორაკალური ქირურგიის და რესპირაციული მედიცინის განვითარებაში ფასდაუდებელია. ის თორაკოსკოპიური ქირურგიის ერთერთი ფუძემდებელია საქართველოში. მის მიერ პირველად საქართველოში შესრულდა რადიკალური ქირურგიული ჩარევა (პნევმონექტომია, პლევრექტომია, პერიკარდისა და დიაფრაგმის რეზექცია, ამ უკანასკნელის ხელოვნური ბადით პლასტიკით) პლევრის მეზოთელიუმის გამო, მის მიერ ჩატარებულია მრავალი უნიკალური და ურთულესი ოპერაცია სხვადასხვა ფორმის ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებთან, გამოქვეყნებულია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი უცხოურ თუ ქართულ სამედიცინო ჟურნალებში და წარმოდგენილია 200-მდე მეტი მოხსენება საერთაშორისო თუ ეროვნულ ფორუმებზე, გარდა ამის, ის არის 6 საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი.
ბატონო დავით, უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, შემართებას, ახალ პროფესიულ გამარჯვებებს და კვლავაც ღვთისგან ბოძებულ სიბრძნესა და გულისხმიერებას — თქვენი ცოდნით და გამოცდილებით კვლავ ბევრ ადამიანს რომ დაეხმაროთ. გისურვებთ სიხარულით სავსე დღეებს, ოჯახის და ახლობლების სითბოსა და სიყვარულს, და კიდევ ბევრ წელს - ენერგიით, სიბრძნითა და იმ განსაკუთრებული შემართებით, რომელიც თქვენ გამოგარჩევთ.